GEORGIAN SPORT

Diterbitkan di Georgia - Interaksi Sosial dan Hiburan - 21 Jul 2016 02:08 - 3

მერაბ, მეკო კვირიკაშვილი უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბორჯღალოსანია, რომელსაც ზურგს 743 ქულა უმაგრებს.
გიორგი ჩხაიძესთან ერთად მან ზედიზედ ოთხ მსოფლიო თასზე იასპარეზა.
ქართველმა ფულბეკმა პირველად სანაკრებო კვართი 2003 წელს პორტუგალიის
წინააღმდეგ მოირგო და მას შემდეგ 95 კეპი მოიხვეჭა, დავით კაჭარავასთან
ერთად მას ცენტურიონობამდე 5 კეპი აშორებს.
 
გთავაზობთ ინტერვიუს მერაბ კვირიკაშვილთან, რომელიც სარაგბო პორტალ RugbyXV-თან ერთობლივად მოვამზადეთ:
დიდ დიღომში დაწყებული კარიერა
9 წლის ვიყავი, როდესაც პირველად დავინახე უბანში, როგორ ვარჯიშობდნენ სტადიონზე უცნაური ფორმის ბურთით. თავიდან,
პირველი ორი კვირა, უბრალოდ გასართობად დავდიოდით. შემდეგ კი, ისე
‘მოგვწამლა’ ოვალმა, რომ ყველა სხვა სპორტმა აზრი დაკარგა ჩვენთვის.
 
ქართველი უკანახაზელები | ელიტაში თავის დაკვიდრება
ამის მთავარი მიზეზი ალბათ ისაა, რომ ის სკოლა არ გვქონდა გავლილი, რაც მაგალითად ფრანგ მოთამაშეებს. აგრეთვე,
ურჩევნიათ საქართველოდან შერკინების მოთამაშე წაიყვანონ, ვიდრე ხაზის.
იმისთვის რომ ჩვენმა უკანახაზელებმა საფრანგეთში თავის დამკვიდრება
მოახერხონ, აუცილებელია ახალგაზრდული ასაკიდანვე მოხვდნენ იქ, რათა
შეეჩვიონ თამაშის სტილს, რიტმს და ა.შ.
 
მდიდარი სანაკრებო კარიერა, მოტივაცია და სტაბილურობა...
ამას ალბათ იმიტომ ვახერხებ, რომ ძალიან მიყვარს რაგბი. დღესაც კი, ამდენი წლის გასვლის მერე, ისევ ისე მიყვარს და
სიამოვნებას მანიჭებს თამაში. ცალკე სტიმულია ნაკრებში თამაში. როცა
ეროვნულ ნაკრებში თამაშობ, უფლება არ გაქვს ფორმაში არ იყო, ან ზერელედ
მოეკიდო თამაშს.
 
მეკო 2019 წლის მსოფლიოზე ?
სურვილი ძალიან დიდი მაქვს და მიზანიც ეგ არის. თუმცა ვნახოთ, თუ შევამჩნიე ჩემს თავს, რომ ისე აღარ შემიძლია,
როგორც ვთქვათ აქამდე ვთამაშობდი, თვითონ ვიტყვი უარს.
 
რას ნიშნავს იყო კარგი ფულბეკი? რა თვისებებს უნდა ფლობდეს? და ვინ მიგაჩნია საუკეთესო ფულბეკად?
საუკეთესოს დასახელებისაგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება თვისებებს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ცივი
გონებით უნდა უყურო თამაშს და მსვლელობისას არც ერთი დეტალი არ უნდა
გამოგეპაროს. ვინაიდან, შეიძლება ერთმა მეტრმაც კი გადაწყვიტოს თამაშის
ბედი. თუნდაც რაც მოხდა ტონგასთან ბოლო თამაშისას, პირველ ლელოზე, როცა
გადმოკიდებულ ბურთი ვერ დავიჭირე. დაახლოებით ორი მეტრი დამაკლდა, ცუდად
ახტა ბურთი და ტონგელს ჩაუვარდა ხელში, რის შემდეგაც დაგვალელოვა. რა თქმა
უნდა, გაუმართლა მეტოქეს და ვერ იტყოდით, რომ ჩემი ბრალი იყო, ვინაიდან
ბურთი ახტა ჩვენთვის ცუდად, მაგრამ ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ბურთი არ უნდა
დავარდნილიყო ძირს და უნდა დამეჭირა, მაგრამ ზუსტად ორმა მეტრმა
გადაწყვიტა ლელოს ბედი. 
 
ოკეანეთის ტურნე
 
ნაკრებისგან ასეთ შედეგს ალბათ ბევრი არ ელოდა. რის ხარჯზე მოვახერხეთ კუნძულებიდან დაუმარცხებლად დაბრუნება?
პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ
5-6 ძალიან მაგარი მორაგბე გვაკლია, ჩვენს ნაკრებს შეუძლია მაღალ დონეზე
თამაში.
 
რა თქმა უნდა, არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა გუნდის ერთ მუშტად შეკვრას. ერთა თასის შემდეგ ძალიან სწრაფად
გავიარეთ ეს შეთამაშების პროცესი, პრაქტიკულად 4-5 დღეში მოვახერხეთ
სასურველ დონეზე მისვლა. ისიც აღსანიშნავია, რომ თითოეული მოთამაშის დონე
არის გაზრდილი, რაც ნაკრების თამაშის ხარისხზე პირდაპირ აისახება.
 
რომელი თამაში იყო ყველაზე რთული?
ალბათ ტონგა. ვინაიდან, ფსიქოლოგიურად იყო რთული თამაში. სამოასთან დასანანი ფრის შემდეგ პირველი თამაში იყო, რომლის
მოგებაც რეალურად შეგვეძლო და გვქონდა კიდეც მიზნად დასახული. ბოლო თამაში
ძალიან ძლიერ ფიჯისთან გვიწევდა და არავინ იცოდა, რა მოხდებოდა.
შესაბამისად, ტონგა იყო ჩვენი სამიზნე. ამ მხრივ იყო ფსიქოლოგიურად ცოტა
რთული. თორემ, თამაშის მხრივ იდეალური დაცვა ვითამაშეთ და ბიჭებმა თავი
დადეს.
 
აკლიმატიზაცია და დიდი ტენიანობა...
აკლიმატიზაცია რეალურად გავიარეთ 2 კვირის მერე და ფიჯისთან თამაშის წინ უკვე ნორმალურად ვგრძნობდით თავს. თორემ,
მანამდე, ზოგს ღამის 3-ზე ეღვიძებოდა, ზოგს საერთოდ არ ეძინებოდა და ა.შ.
თამაშის დროს ძალიან მალე ვიცლებოდით ენერგიისგან და გვიწევდა ფიქრი მის
შენარჩუნებაზე.
 
ერთმანეთისგან რამდენად განსხვავებული სტილი აქვთ კუნძულელებს და რაში მდგომარეობს მსგავსება თუ განსხვავება?
ფიჯელები ინდივიდუალურად უფრო ძლიერები არიან, ტონგელები უფრო აგრესიულები, სამოელები თითქოს უფრო დახვეწილ რაგბს
თამაშობენ. თუმცა, ერთი შეხედვით, სამივე დაახლოებით ერთნაირ რაგბს
თამაშობენ - დიდები და ჯანიანები.
 
ცოტა გუნდი თუ დაიკვეხნის იმით, რომ ფიჯის ლელო არ დაადებინა...
დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ამ ტურნეზე. ლევან მაისაშვილმა შეიტანა გარკვეული კორექტივები დაცვის
ორგანიზებაში, რამაც საბოლოო შედეგი ყველაზე კარგად ფიჯისთან მოგვცა.
გაიზარდა კომუნიკაცია ბიჭებს შორის და დეტალებს მიექცა უფრო მეტი
ყურადღება. იდეალური ჯერ ალბათ არაა, მაგრამ მაქეთკენ მივდივართ.
 
ნოემბრის ტესტებზე
 
პირველი მეტოქე იაპონიაა. როგორ რაგბს თამაშობს იაპონია და როგორ გამოირჩევა სხვებისგან?
ძალიან სწრაფ რაგბს თამაშობენ. ცდილობენ, რომ ბურთი სულ მოძრაობაში იყოს. ძლიერი მხარე აქვთ ძალიან სწრაფი რაქი. თუ
რაქს შევუნელებთ, შანსები გაიზრდება.
სამოა? ივნისის ტესტების შემდეგრა შეიძლება შემოგვთავაზონ?
სამოა უფრო ამოუცნობი გუნდია. არ ვიცი რას შეცვლიან, ნოემბერში ვნახოთ.
 
და ბოლოს გასვლაზე შოტლანდიასთან...
უნდა გავუძლოთ იმ ტემპს, რასაც შემოგვთავაზებენ. კარგია, რომ მესამე თამაშია. ძალიან თავდადებული გუნდია და ბოლომდე იბრძვიან.
 
ათეულში შესვლა და დამკვიდრება...
ჩემი აზრით ათეულში შესვლა შეგვიძლია. რაც შეეხება იქ დამკვიდრებას, ეს იმ შეთხვევაში მოხდება, თუ მსოფლიო რაგბი ხელს
შეგვიწყობს და კარგ ტესტებს მოგვცემს.
 
ერთა თასის შესახხებ
 
რუმინეთთან აქამდე რაც გვითამაშია, წლევანდელი რადიკალურად განსხვავებული იყო...
ეს ცვლილებები ბოლო 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ წლევანდელ ერთა თასზე გამოჩნდა. შეიძლება
გარედან ეს არ ჩანდა, მაგრამ წლების განმავლობაში პატარ-პატარა დეტალებმა
მიგვიყვანა აქამდე.
 
მომავალ წელს მნიშნელოვანი იქნება მოტივაციის ამბავი როგორც ჩვენთვის, ასევე მეტოქეთთათვის...
ჩვენთვის მოტივაცია იქნება თამაშის ხარისხის გაზრდა, რაც შედეგზეც იმოქმედებს. რა თქმა უნდა, შეიძლება
გადახალისებულმა გუნდმა ითამაშოს და ახალგაზრდებს მიეცეთ თავის გამოჩენის
შანსი, მაგრამ ეს ყველაფერი მიზნად დაისახავს ტოპ გუნდებთან მზადებას და
მოტივაციის ნაკლებობა არ იქნება.
 
მსოფლიოზე გასვლის პრეტენდენტებად ვინ მიგაჩნია?
პირველ რიგში რუმინეთი. ბელგია კრებს კარგ გუნდსო. ესპანეთი დებს დიდ ინვესტიციებს... ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნება.


                                                გთავაზობთ ვიდეოს         https://youtu.be/Wuz4KHdX-u0

Menguasakan

Komentar (3)

ვაუ წარმატებები ჩვენს ბიჭებს....
ux shemodgomaze scotebs to movuget Laugh suratebic dagedo barem ramodenime Smile)) statiis weris dros funqciebshi aqvs tu r ici Smile))
tu tavisi nebit ar gvigeben mashin unda shevamtvriot 6 eris karebi Laugh