Publicado em Georgia - Entreterimento e interações sociais - 19 Jan 2016 07:53 - 4
დიდგორი-ძლევაი საკვირველი
დიდგორის ბრძოლა ან ძლევაჲ საკვირველი (1121 წლის 12 აგვისტო) — ქართველთა ბრძოლა დავით მე-4 აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე..... ბრძოლა,რომელმაც საქართველოს მომავალი განაპირობა!
წინაპირობა
იმდროინდელი საერთაშორისო ვითარება თურქ-სელჩუკებსა და საქართველიას სახელმწიფოს აშკარად უპირისპირებდა ერთმანეთს. ყველაფრიდან ცხადი იყო, რომ ეს ძლიერი წინააღმდეგობა დღეს თუ ხვალ იარაღით უნდა გადაწყვეტილიყო. მაგრამ საიმდღისო ამოცანად იგი საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ განდევნილ და შევიწროებულ თურქთა და ქალაქების — თბილისის, დმანისისა და განჯის თავკაცთა ელჩობამ აქცია. ამან დააჩქარა კოალიციური ლაშქრის შექმნა და დიდგორის ბრძოლაც. ყველა ძველი ისტორიკოსის მოწმობით, დავითის მიერ აწიოკებულმა თურქმანებმა და აღნიშნულიული ქალაქების მმართველი ზედაფენის წარმომადგენლებმა მწუხარების ნიშნად შავად ხელპირშეღებილებმა, ტანსაცმელშემოფლეთილებმა და თავზე ნაცარდაყრილებმა გადაწყვიტეს „მათ ზედა მოწევნულნი ყოველნი ჭირნი“ მოეთხროთ და დახმარება ეძიათ ძლიერ მაჰმადიან მფლობელებს შორის. ეს ელჩობა, დავითის ისტორიკოსის ცნობების მიხედვით, 1121 წლის აპრილ-მაისში შემდგარა.ვის მიმართეს დახმარებისათვის თურქებმა და ქალაქების წარმომადგენლებმა? ამ კითხვაზე საისტორიო წყაროებს სხვადასხვაგვარი ცნობები აქვთ დაცული; ასე მაგალითად, დავითის ისტორიკოსის ცნობით, „შეიწრებულნი თურქმანნი“ და მოქალაქეთა წარმომადგენლები „წარვიდეს სულტანს წინაშე და ყოველსა სპარსეთსა“, ე.ი. ისინი, უპირველესად, სულთანს ხლებიან, მაგრამ ამითაც არ დაკმაყოფილებულან და სხვა მაჰმადიანი მფლობელებისათვისაც მიუმართავთ. ისტორიკოსის განცხადება „წარვიდეს... ყოველსა სპარსეთსა“ სწორედ ამაზე მიუთითებს. სომეხი ისტორიკოსის მათე ურჰაელის მახედვით კი, შავტანაცმლიანი და თავდაუხურავი ელჩები „
გაჰკიოდნენ თავიანთ სულთანთან ქალაქ განძაკში მელიქთან ტაფარის ძესთან და ტირილით ჩიოდნენ მის წინაშე თავიანთ დაღუპვას. ხოლო სხვები მივიდნენ არაბთა ოლქში, კარმიანის (კაბადოკიის) ქვეყანაში ამირა ხაზისთან არდუხის ძესთან და დიდი ტირილით უამბობდნენ მას... ხოლო მან თავისი ძლიერებისა და ზვიადობის გამო ბრძანა შეკრებილიყო თავისი ჯარების სიმრავლე“.მათე ურჰაელის მიერ მოხსენიებული სულთანი მელიქი უნდა იყოს დავითის ისტორიკოსის მიერ კოალიციური ლაშქრას მონაწილედ მოხსენიებული და სულთნის ძედ მიჩნეული მელიქი. ასე რომ, მათეს ცნობით, თბილელთა და სხვათა წარმომადგენელთა ერთ ნაწილს, უწინარეს ყოვლისა, განძაში მყოფი მალიქისათვის მიუმართავს, ხოლო მეორე ნაწილს — ამირა ღაზისათვის, არდუხის ძისათვის. მათე ურჰაელის ღაზი არდუხის ძე იგივეა, რაც სხვა წყაროების ილღაზი არდუხის ძე.განსხვავებულ ცნობას იძლევა აგრეთვე ალ-ფარიკიც, რომლის მიხედვითაც, „თბილისის ხალხი წავიდა ნაჯმ-ად-დინ-ილღაზთან და სთხოვა მას მოსულიყო და ჩაებარებინა ქალაქი“. ლაშქრობის მთავარ ინიციატორად ილღაზს მიიჩნევს გოტიეც. მართალია, ზემომოტანილ ცნობათა შორის ერთგვარი წინააღმდეგობაა, მაგრამ ეს ადვილად ასახსნელია და ამ ცნობათა ურთიერთ შეთანხმებაც მოსახერხებელია.როგორც ირკვევა, უპირატესობა ამ შემთხვევაში ქართულ წყაროს, დავითის ისტორიკოსს, უნდა მიენიჭოს. ცხადია, უფრო სარწმუნოა, რომ თბილისისა და სხვა წარმომადგენლებს უშუალოდ სულთნისათვის მიემართათ, ვიდრე განძის მფლობელ მალიქის — ტაფარის ძისათვის, ან კიდევ ილღაზისათვის, რომელიც, მართალია, სახელგანთქმულ მეომრად იყო მიჩნეული, მაგრამ მაჰმადიან მფლობელებში ისეთი გავლენა ვერ ექნებოდა, როგორიც თვით სულთანს. ამას გარდა, სწორედ სულთანი შეიძლებოდა ყოფილიყო კოალიციური (გაერთიანებული) ლაშქრის შემდგენელი. მას ექნებოდა უფლება სხვადასხვა მაჰმადიან მფლობელთა მოწოდებისა და ერთი დროშის ქვეშ მათი თავმოყრისა.ამრიგად, უდავოა, რომ თბილისის მოსახლეობის წარმომადგენლებმა დახმარება, უპირველეს ყოვლისა, სთხოვეს სულთანს, ერაყის სელჩუკიანთა იმდროინდელ გამგებელს მაჰმუდ მოჰამედის ძეს სწორეს ის იყო მაჰმადიანთა ლაშქრის საქართველოზე თავდასხმის ორგანიზატორი. ყურადსაღებია აგრეთვე დავითის ისტორიკოსისა და მათე ურჰაელის ცნობები, რომელთა მიხედვით, თბილისელთა წარმომადგენლები არ დაკმაყოფილებულან მხოლოდ სულთანთან მისვლით და სხვა მაჰმადიან მფლობელებთან „ყოველ სპარსეთსა“ თუ „არაბთა ოლქებში“ თვით უშუალოდ გაუმართავთ მოლაპარაკება.სულთან მაჰმუდ მოჰამედის ძე მაშინვე გამოეხმაურა თბილისელთა თხოვნას და სასწრაფოდ დიდი ლაშქრის ორგანიზაციის თადარიგი დაიჭირა. მან მაჰმადიან მფლობელთა ერთ ნაწილს მოუწოდა, ხოლო მეორეთ უბრძანა: „ვინც კი სადმე იყო დამასკო და ალეპოდან მოკიდებული, ყველას, მოლაშქრეობის შემძლებელს“ მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს წინააღმდეგ ომში.
მოწინააღმდეგეთა ძალების შემადგენლობა და რაოდენობა
ვინ იყვნენ ისინი, რომელთაც სულთნის ამ მოწოდებითა თუ ბრძანებით კოალიციურ ლაშქარში თავი მოიყარეს? ჩვენს წყაროებს ამ მხრივაც დაცული აქვთ საინტერესო ცნობები. დავითის ისტორიკოსის მიხედვით, „სულტანმა მოუწოდა არაბეთისა მეფესა დურბეზს, სადაყის ძეს და მოსცა ძე თუისი მალიქი და ყოველი ძალი მისი, და აჩინა სპასალარად ელღაზი ძე არდუხისი... და უბრძანა... ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოველთა სომხეთისა ამირთა“ მონაწილეობა მიეღოთ ლაშქრობაში. ამრიგად, დავითის ისტორიკოსას ცნობით, სულთნის მოწოდებითა და ბრძანებით, საქართველოს წინააღმდეგ უნდა გაერთიანებულიყვნენ დურბეზ სადაყის ძე, სულთნის ძე მალიქი თავისი ძალით, ათაბაგი განძისა „მისითა ძალითა“ და სომხეთის ყველა მაჰმადიანი ამირა. გაერთიანებული ლაშქრის სარდლად კი სულთნის მიერ დანიშნული იყო ილღაზი ძე არდუხისი.მათე ურჰაელის ცნობითაც, საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა მიიღო ილღაზი არდუხის ძემ, მისმა სიძემ არაბთა მეფემ საღა ტუპაისის ძემ და განძის სულთანმა მელიქმა ტაფარის ძემ. კოალიციური ლაშქრის მონაწილეთ ჩამოთვლის ალ-ფარიკიც; მისი სიტყვით, ილღაზთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ წამოვიდნენ: დუბეის სადაყას ძე, რომელსაც თან ახლდნენ ყადი ელმ-ად-დინი და მისი შვილი აბულ-ფათთხი, ქ. მარდინის მაშინდელი ყადი და ვეზირი თამამ-იბნ აბდუნი. აი, ასეთი შემადგენლობით მოსულან ისინი არზრუმში. სულთანი ტოღრული მოსულა განძას მხრიდან, ხოლო თუღან არსლან კუზიანი დვინიდან უნდა დაძრულიყო. ამ უკანასკნელს კოალიციის მონაწილედ ასახელებს ალ-ჯაუზიც.ისტორიკოსი იბნ ალ-ასირიც, ილღაზისა და დუბეისის გარდა, დიდგორის ბრძოლის მონაწილეებად მიიჩნევს მელიქ თოღრულს მოჰამედის ძეს და მის ათაბაგს ქენ-თოღდის.როგორც ჩანს, სულთან მაჰმუდ მოჰამედის ძეს დიდი სამზადისი ჩაუტარებია და საქართველოს წინააღმდეგ მოუწვევია მაშინდელი მახლობელი აღმოსავლეთის ცნობილი და გავლენიანი მფლობელები. გაერთიანებული ლაშქრობის მოთავეთა შემადგენლობა, ზემოგანხილული წყაროების ურთიერთ შეჯერების შემდეგ, ამგვარია ნეჯმ ადდინ ილღაზი სულთნის მიერ ბაღდადის გამგებლად დანიშნული, აუღებლად მიჩნეული ციხის – მარდინის მფლობელი, ალეპოს დამპყრობი, ხოლო 1121 წლიდან მაიაფარიკინის გამგებელი. ილღაზი, დავითის ისტორიკოსის დახასიათებით, იყო „კაცი დაჰმანი (მარჯვე) და მრავალღონე“, „ზვიადსა და ძლიერს“ უწოდებს მას მათე ურჰაელი; „უაღრესი ამპარტავნებით თავგასულად“ მიაჩნია იგი გოტიესაც. ილღაზმა, როგორც სარდალმა, დიდად გაითქვა სახელი ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით 1119 წელს. ამიტომაც აირჩია იგი სულთანმა მაჰმუდმა გაერთიანებული ლაშქრის სპასალარად.დურბეიზი (დუბეის სადაყას ძე) — ქალაქ ჰილას (მდ. ევფრატზე) პატრონი, დავითის ისტორიკოსსა და მათე ურჰაელის სიტყვით, „არაბეთის მეფე“. „ეს იყო, – წერს მათე ურჰაელი, – კაცი გულადი და მებრძოლი. მან დაატყვევა ქალაქი ბაღდადი და სამი ბრძოლა გადაიხადა სპარსთა სულთანთან – ტუფასთან... მან კარვით დაიბანაკა ეთიოპიასა და ინდოეთს შორის და მაშინ მოვიდა და დაესიძა სპარსთა ამირა ღაზის“. მართლაც, დიდგორის ბრძოლის ერთი წლით ადრე, დუბეისს ცოლად შეურთავს ილღაზის ასული გოჰარ ხათუნი; ალბათ, ამგვარი დამოყვრებაც იყო ერთი მიზეზი იმისა, რომ დუბეისი ილღაზის მოწოდებას მაშინვე გამოეხმაურა და აქტიური მონაწილეობაც მიიღო მისი სარდლობით მოწყობილ ბრძოლაში.თოღრულ მოჰამედის ძე — ყაზვინის, ზენჯანის, გილანისა და სხვათა, ხოლო 1121-22 წლებში არანისა და განძის გამგებელი; სიცოცხლის ბოლო სამ წელს სულთანადაც იყო; იბნ ალ-ასირი მას მელიქ თოღრულ მოჰამედის ძედ იხსენიებს. სწორედ ეს მელიქ თოღრული უნდა იყოს დავითის ისტორიკოსის მიერ „სულთნის ძედ“ მიჩნეული მელიქი და მათე ურჰაელის მიერ ქალაქ განძაკში მყოფ სულთანად დასახელებული მელიქი ტაფარის ძე. დიდგორის ომის წინ ქალაქ განძას სწორედ მელიქ თოღრული ფლობდა. ამავე დროს ეს მელიქ თოღრული იყო მოჰამედის ძე, ე.ი. ძმა იმდროინდელი სულთნის — მაჰმუდისა. იქნებ დავითის ისტორიკოსის თხზულების თავდაპირვანდელ ხელნაწერში ასეც ეწერა: სულთანმა „მოსცა ძმა თავისი მალიქი“ და არა „ძე თავისი მალიქი“, როგორც ეს ამ თხზულების შემდეგდროინდელ გადანაწერებშია. თუ ეს ასეა, მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება — ძმა სულთნისა მალიქი სხვა არავინ შეიძლება იყოს, თუ არა მელიქ თოღრული.სულთან მაჰმუდს ჰყავდა ძეც, მელიქშაჰად წოდებული, მაგრამ იგი ამ დროს დაბადებულიც არ იქნებოდა და, ცხადია, დავითის ისტორიკოსი მას ომის მონაწილეთა შორის ვერ დაასახელებდა. ამრიგად, ქართულ და სომხურ წყაროებში მოხსენიებული „სულთნის ძე მალიქი“, ან კიდევ, განძის სულთანი მელიქ ტაფარის ძე ნამდვილად არის არაბული წყაროების მელიქ თოღრული მოჰამედის ძე. აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც: თოღრული დიდგორის ბრძოლის დროისათვის სულ თორმეტიოდე წლისა ყოფილა და, ცხადია, მისი პირადი მონაწილეობა ლაშქრობაში უფრო ფორმალური იქნებოდა. თოღრულის ლაშქარს ამ დროს სათავეში, ალბათ, მისივე ათაბაგი, ქენ-თოღდი ედგა, წყაროებში განძის ათაბაგად და ლაშქრობის მონაწილედ მოხსენიებული. ამიტომაცაა, რომ თოღრულის უშუალო მონაწილეობა დიდგორის ბრძოლაში ზოგ მკვლევარს საეჭვოდ ეჩვენება. თუღან არსლან კუზიანი — თურქი ამირა, ბითლისისა და არზანის პატრონი და ქალაქ დვინის დამპყრობი.განძის ათაბაგი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ შემთხვევაში უნდა იგულისხმებოდეს განძის იმდროინდელი მფლობელის თოღრულის ათაბაგი ქენ-თოღდი. განძის ათაბაგი არა მარტო თოღრულის ლაშქარს უძღვებოდა, არამედ მას ჰყავდა საკუთარიც. დავითის ისტორიკოსის ცნობით, სულთანმა მას უბრძანა „მისითა ძალითა“ გამოსვლა.დავითის ისტორიკოსი შემთხვევით არ მოიხსენიებს ლაშქრობის მონაწილეთა შორის „ყოველთა სომხეთისა ამირათა“, ე.ი. სომხეთის ტერიტორიის წვრილ-წვრილ მაჰმადიან გამგებლებს, ამირებს, მათაც სულთნის ბრძანებით ლაშქრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ.ზემოდასახელებულთა გარდა, კოალიციურ ლაშქრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ დუბეისთან ერთად ამ მიზნით არზრუმში მოსულთა და დაბანაკებულთ: ყადს ელმ-ად-დინ-იბნ ჯაბრის, მის შვილს, ქ. მარდინის ყადს აბულ-ფათხის და ვეზირს აბუ-თამამ-იბნ-აბდუნას, მაგრამ ყადი და ვაზირი, ალ-ფარიკის ცნობით, არზრუმში წაკიდებულან, კოალიციურ ლაშქარს ჩამოსცილებიან და არზრუმშივე დარჩენილან.ამრიგად, სულთანს მართლაც თავი მოუყრია ყველასათვის — „სადაც ვინ იყო... მხედრობად შემძლებელი“ და მის სათავეში ამდროისათვის სახელმოხვეჭილი და დიდი გამოცდილების მქონე, მრავალომგადახდილი სარდალი ილღაზი ჩაუყენებია. ილღაზი, ცხადია, სულთნის სახელით მოქმედებდა და ყველა ზემოხსენებული გავლენიანი მფლობელი თუ სარდალი, მისი დროშის ქვეშ გაერთიანებული, მის განკარგულებებსა და ბრძანებებს უნდა დამორჩილებოდა.
კოალიციური ლაშქრის რაოდენობა
დიდგორის ომში მონაწილეობის მისაღებად მოწოდებუღთა ვინაობის გარკვევის შემდეგ საჭიროა დაახლოებით მაინც განისაზღვროს მათ მიერ გამოყვანილი ლაშქრის რაოდენობა. ეს მეტად საინტერესო საკითხიც ისევ ძველი წყაროების მიხედვით უნდა გაირკვეს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ ძველ ისტორიკოსს არც აქვს საამისო ცნობა, ზოგი კიდევ გაზვიადებულ, დაუჯერებელ მონაცემებს იძლევა; ასე, რომ, ჩვენ ამ მხრივ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობა გვექნება.დავითის ისტორიკოსი არაფერს ამბობს არც მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქრისა და არც საქართველოს ჯარის რაოდენობის შესახებ, მაგრამ მისი ცნობიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოს წინააღმდეგ დიდძალი ლაშქარი დაძრულა; მისი სიტყვით, მტრის ლაშქარი „სიმრავლითა, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, რომელთა ვერ იტევდა ქუეყანაჲ“. მაჰმადიანთა „დიდი ლაშქრის თავმოყრის“ შესახებ წერს აგრეთვე ალ-ფარიკიც, თუმცა არც იგი მიუთითებს მის რაოდენობაზე.კოალიციური ლაშქრის რაოდენობის შესახებ ცნობები მოეპოვებათ სომეხ ისტორიკოსებს, იბნ ალ-ასირსა და გოტიესაც.მათე ურჰაელის სიტყვით, ილღაზმა „ბრძანა შეკრებილიყო თავისი ჯარების სიმრავლე, ყოველი ტომი თურქმანთა, ბერძენთა ქვეყნიდან ვიდრე აღმოსავლეთისაკენ ყოველი კარმიანი და ქმნა რიცხვი თავისი ჯარისა ასორმოცდაათი ათასი“. ასე რომ, მარტო ილღაზს, მათეს ცნობით, 150 000 მოლაქრე გამოუყვანია, მის მიერ მოწოდებულ „არაბთა მეფე“ დუბეისს ათი ათასი და მოკავშირენი 160 000-იანი ლაშრით განძაში დაბანაკებულან. იმავე ისტორიკოსის ცნობით, განძაშივე „მოვიდა სულთანი მელიქი (ე.ი. თოღრული მოჰამედის ძე) ოთხასი ათასი მხედრით, გულადი კაცებით. ისინი დაიძრნენ საშინელი სიმრავლით და შევიდნენ ქართველთა ქვეყანაში ქალაქ თბილისის მხარეს“. ამრიგად, თუ მათე ურჰაელს დავუჯერებთ, მაჰმადიან მფლობელთა გაერთიანებული ლაშქრის რიცხვს 560 000-ისათვის მიუღწევია. ეს მონაცემები სწორი არ უნდა იყოს, როგორც ჩანს, იგი გაზვიადებულია. დაუჯერებელია, რომ ამ სამ მაჰმადიან მფლობელს ასე დიდი ლაშქრის გამოყვანა შესძლებოდა.კიდევ უფრო გაზვიადებულია ანტიოქიის სამთავროს კანცლერის გოტიეს მონაცემები. მისი ცნობით, „ალეპოდან წამოსულმა ილღაზიმ შეკრიბა თურქმანებისა და არაბების ურიცხვი ჯარი, როდესაც მან ნახა შეკრებილთა სიმრავლე, უაღრესი ამპარტავნობით თავგასულმა გადაწყვიტა, ერთ ხორასნელ სულთანთან ერთად მოეწყო ლაშქრობა დავით მეფის წანააღმდეგ... სულთანი და თვით ილღაზი ექვსასი ათასი მეომრით სალაშქროდ შევიდნენ მეფის ქვეყანაში“. მათე ურჰაელისა და გოტიეს მონაცემებს შორის მაინცდამაინც დიდი განსხვავება არ არის – მათე 560 000 მოლაშქრეს ასახელებს, გოტიე კი 600 000-ს.სამწუხაროდ, არ მოიპოვება სხვა ისტორიკოსთა ისეთი სანდო მონაცემები, რომლებიც კოალიციური ლაშქრის მონაწილეთა რაოდენობას დააზუსტებდა.იბნ ალ-ასირის თხზულების არაბულ დედანში მხოლოდ „ათასი“ წერია, მაგრამ რამდენი ათასი, აღნიშნული არ არის. ზოგი მცვლევარი იბნ ალ-ასირის ამ ნაკლულ ტექსტს, ალ-ჯაუზის მიხედვით, 30 000-ით აღადგენს, ზოგი კიდევ 300 000-ით. ასე, რომ იბნ-ალ-ასირის ცნობა ზემომოტანილ მასალათა საკონტროლოდ არ გამოდგება. ასევე, საამისოდ არ გამოდგება XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსის სმბატ სპარაპეტას მონაცემებიც, რომელთა მიხედვით ამირა ილღაზს საქართველოში 150 000-იანი ჯარით ულაშრია. როგორც ჩანს, სმბატ სპარაპეტი საკუთრივ ილღაზის მიერ გამოყვანილ მოლაშქრეთა რაოდენობის მითითებით დაკმაყოფილებულა.უდავოა, რომ მათე ურჰაელისა და გოტიეს ცნობები კოალიციური ლაშქრის რაოდენობრს შესახებ გაზვიადებულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნახევარმილიონიანი თუ ექვსასათასიანი ლაშქარი თრიალეთ-მანგლის-დიდგორის სანახებში არა თუ ვერ გაიშლებოდა საბრძოლველად, ვერც კი დაეტეოდა, მაგრამ ამავე დროს ისიც უდავოა, რომ მოწინააღმდეგის ლაშქარი ბევრად, რამდენიმეჯერ, აღემატებოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ ამ ბრძოლაში გამოყვანილ ლაშქარს. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, მტრის ჯარი 300 000 მეომრისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. ასეა თუ ისე, ყველა მონაცემიდან სავსებით აშკარაა, რომ დიდგორის ველზე, რიცხობრივი რაოდენობის მახედვით, არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს. ამაზე ერთხმად მიუთითებს ყველა წყარო, როგორც ქართულ-სომხურ-ლათინური, ასევე თვით არაბულიც.ახლა იმასაც შევეხოთ, თუ საიდან და რა გზით მოდიოდა ეს კოალიციური ლაშქარი. დავითის ისტორიკოსს მხოლოდ ის აქვს აღნიშნული, რომ მტრის ურიცხვი ლაშქარი, „ვითარცა ქვიშა ზღვისა“, მოვიდა „თრიალეთს, მანგლისსა და დიდგორს“. მათე ურჰაელის ზემომოტანილი ცნობიდან კი ჩანდა, რომ როგორც ილღაზი დ დუბეისი, ასევე სულთანი მელიქი (თოღრული) განძიდან დაძრულან და იქიდან „საშინელი სიმრავლით შევიდნენ ქართველთა ქვეყანაში ქალაქ თბილისის მხარეს, მთაში, რომელსა ქვია დეკორ (დიდგორი)“.ამ საკითხის შესახებ სხვა ცნობა აქვს ალ-ფარიკს. მისი მოცემებით, არზრუმიდან ილღაზი გაემართა „ყარსისკენ და შევიდა იქ (საქართველოში) თრიალისით . შეიკრიბა დიდი ლაშქარი, სულთანი თოღრული მოვიდა განძის მხრიდან, ხოლო ფახრად-დინ თუღან არსლან კუზიანი — დვინისს მხრიდან და იარა ამ ლაშქარმა იმდენი, რომ მასსა და თბილისს შორის დარჩა მთა ნახევარდღის სავალი“. ამ ცნობით, დიდგორთან შეყრილი კოალციური ლაშქარი აქ სამი მხრიდან მოსულა: ყარსიდან თრიალეთის გზით, განძიდან და დვინიდან. ამ ცნობიდან ისიც ნათელია, რომ თბილისიდან ნახევარი დღის სავალზე იმყოფებოდა არა მარტო ილღაზის ლაშქარი, როგო რც ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, არამედ სულთანი, თოღრული და თუღან არსლან კუზიანიც თავისი ჯარებით.ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, ეს ლაშქარი ქართლშიმანგლის-თრიალეთის გზით არის შემოსული. ამ მხრივ სავსებით სწორია დავითის ისტორიკოსი. უძველესი დროიდან შიდა ქართლში შესვლა სწორედ ამ გზით შეიძლებოდა. ამ გზას არა მარტო იმ დროისათვის, არამედ შემდეგაც — XIX საუკუნეშიც, დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებენ; როგორცნიკოლოზ ბერძენიშვილი მიუთითებს,მანგლისს ფრიად ხელსაყრელი ადგილი უჭირავს. მანგლისის მხარე ეკვრის შიდა ქართლს, თბილისს, სომხით-საბარათიანოს და წალკა-ჯავახეთს. იმყოფება რა ალგეთის, თეძმის, კავთურას და ვერეს გამოსავლებში, მანგლისის ხეობა სტრატეგიულად ბატონობს აღნიშნულ მხარეზე... სომხითიდან შიდა ქართლში, ჯავახეთიდან კახეთში უმოკლესი გზები სწორედ მანგლისზე გადიოდა“. ამიტომ იყო, რომ ვინც კი ამ გზით ფიქრობდა საქართველოს დამორჩილებას, მანგლისზე გადმოვლით მოდიოდა. სწორედ აქედან უნდა იყოს შემოსული, ბერძენიშვილის ვარაუდით, „თურქ-სელჩუკთა კოალიცია დავით აღმაშენებლის წინააღმდეგ“.ლაშქრის თავმოყრა მანგლის-დიდგორში 1121 წლის აგვისტოს ათ რიცხვამდე უნდა მომხდარიყო. მართალია, დავითის ისტორიკოსი 12 აგვისტოს ასახელებს მათი მოსვლის თარიღად, მაგრამ ეს თარიღი თვით ბრძოლისა უნდა იყოს და არა კოალიციური ლაშქრის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა.
საქართველოს ლაშქრის შემადგენლობა და რაოდენობა სამწუხაროდ, არ არსებობს არავითარი ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლება ამ გადამწყვეტი ბრძოლისათვის, მაგრამ, ცხადია, მას არ გამოეპარებოდა სულთნასა და სხვა მაჰმადიან მფლობელთა მიერ მთელი 4-5 თვის მანძილზე გატარებული ღონისძიებანი. ამიტომაც იყო, რომ დავით აღმაშენებელი და მისი ლაშქარი სავსებით მზად იყო ბრძოლის მისაღებად.გოტიეს სიტყვით, „მეფე დავით ოთხმოცი ათასი... მეომრით.... იდგა ერთ ხეობაში - ორს მთას შორის მდებარე დაბურულ ტყეში“. როგორც მტრის, ისე ქართველთა ლაშქრის რაოდენობა გოტიეს გაზვიადებულად უნდა ჰქონდეს მოცემული. ამ მხრივ უფრო სარწმუნო ჩანსსომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი, რომელიც არა მარტო ლაშქრის რაოდენობის, თვით მისი შემადგენლობის შესახებაც ფრიად საინტერესო ცნობებს იძლევა. დავით მეფე, წერს მათე ურჰაელი, ბრძოლის ველზე „მივიდა თურქთა ჯარების წინააღმდეგ ორმოცი ათასი ძლიერი და გულადი კაცით და გამოცდილი მეომრით. მას ჰყავდა სხვა ჯარებიც ყივჩაღთა მეფისაგან, თხუთმეტი ათასი გულადი და რჩეული, ხოლო ალანთა ტომისაგან ხუთასი კაცი და ფრანგი ასი“. ასე, რომ დავით აღმაშენებლის ლაშქრის რაოდენობა, ამ ცნობის მიხედვით, 56 000-იც კი არ ყოფილა.ყურადღებას იქცევს თვით ლაშქრის შედგენილობა; როგორც ჩანს, მეომართა ძირითადი ნაწილი მეფეს საკუთრივ ქართველებისაგან შეუდგენია: ორმოცი ათასი ძლიერი და გამოცდილი მოლაშქრე „სამეფო სპის“ ნაწილს შეადგენდა და ცხადია, საკუთრივ ქართველებისაგან იყო შედგენილი. მიუხედავად იმისა, რომ დავით აღმაშენებელს ყივჩაყთა 40 000-იანი მუდმივი ლაშქარი ჰყავდა, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში მას მხოლოდ 15 000 ყივჩაყი გამოუყვანია და ეს შემთხვევითი არ იყო. როგორც ჩანს, მეფე ძირითად საყრდენ ძალად ისევ „სამეფო სპას“, ქართველთა ლაშქარს თვლიდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთ გადამწყვეტ ბრძოლასთან ჰქონდა საქმე. თურქთა წინააღმდეგ მართლაც მხოლოდ რჩეული, უკვე ყოველმხრივ მისანდობ ყივჩაყთა გამოყვანა თუ შეიძლებოდა.საქართველოს ლაშქრის მესამე ნაწილს „როქის სპას“, ალანთაგან (ოსთაგან) დაქირავებული ჯარი შეადგენდა. შემთხვევითი არ იყო ხუთასი ოსი მოლაშქრის დაქირავება და საამისოდ თანხის გაღება მაშინ, როცა მეფეს რეზერვში ოცდახუთი ათასი მუდმივი მოლაშქრე ყივჩაყი ჰყავდა. ესეც, ცხადია, დავითის სათანადო ტაქტკური გეგმის მიხედვით იყო გაკეთებული და გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა.გარკვეული მიზნით იყვნენ შეყვანილნი ქართველთა ლაშქარში, თუმცა არც ისე დიდი რაოდენობით, „ფრანგებიც“. მათე ურჰაელი ამ ომში ასი „ფრანგის“ მონაწილეობის შესახებ წერს, გოტიე კი ორას „ფრანგს“ ასახელებს. როგორც ჩანს, „ფრანგები“ მართლაც მონაწილეობდნენ ამ ომში. „ფრანგებს“ ქართველები მაშინ და შემდეგაც, დიდი ხნის მანძილზე, საერთოდ „ევროპელებს“ ეძახდნენ. ასე, რომ ეს ფრანგები იმ ევროპელ ჯვაროსანთა წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც ამ დროს მახლობელ აღმოსავლეთში ბრძოლები ჰქონდათ თურქ-სელჩუკებთან. ევროპელ რაინდებს, „ფრანგებს“ დიდი გამოცდილება ჰქონდათ ამ მხრივ და მათი მონაწილეობა ქართველთა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, ცხადია, სასარგებლო იქნებოდა. ამასთანავე, მათი მონაწილეობა დიდგორის ომში იმ ურთიერთობითაც იყო გამოწვეული, რაც ამ დროსაც ჯვაროსნებსა და ქრისტიანულ საქართველოს შორის არსებობდა. თუკი ადრე ჯვაროსნების წარმატებები თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში ხელს უმართავდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, ამჟამად უკვე გაძლიერებული საქართველოს შეტევით ომებს საერთო მტრის წინააღმდეგ დიდი მნიშვნელიაბა ჰქონდა ჯვაროსნებისათვის. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოს სამეფოს სამზადისი თურქებთან გადამწყვეტი ბრძოლისათვის ჯვაროსნებს მხედველობიდან არ გამორჩენოდათ და მასში ერთგვარი მონაწილეობაც მიეღოთ.როგორც ვხედავთ, დავით აღმაშენებლის მიერ ყველაფერი წინასწარ იყო მოფიქრებული და გაკეთებული გამარჯვების უზრუნველსაყოფად. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, ომის წინ „მეფემან დავით, უშიშარმან და ყოვლად უძრავმან გულითა... წინა განაწყო სპა მისი. ყოველი საქმე შვენიერად და ღონიერად იყო, რაბამ რამე უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო“. მსოფლიოს „ბრძენთა ენა ვერ შემძლებელ არს მოთხრობად ზედმიწევნით ყოველსავე“, რაც იმ დროს მეფემ გააკეთაო - წერდა დავითის ისტორიკოსი.
მოწინააღმდეგეთა განლაგება ბრძოლის წინ
თურქ-სელჩუკთა ლაშქრის განლაგება:
1121 წლის 10 აგვისტოსათვის თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის ძირითად ძალებს თრიალეთ-მანგლის-დიდგორის მიდამოები, მისი ყველა ძირითადი გზა და მისადგომი ჰქონდათ დაკავებული.კოალიციური ლაშქრის ნაწილმა, როგორც ირკვევა, მანგლისსა და დიდგორში დაიბანაკა, მეორე ნაწილმა კი დიდგორის კალთებიდან შემოსულმა, დიღმის ხეობა დაიკავა. მტრის ჯარით გაივსო როგორც ქვემო, ისე ზემო დიდგორი, რომელთაც დავითის ისტორიკოსი ერთ გეოგრაფიულ პუნქტად მოიხსენიებს, ოღონდ მრავლობითი რიცხვით – „დიდგორნი“. დიდგორის ველი შესაყრელ პუნქტად მტერმა შემთხვევით არ შეარჩია — აქეთკენ მოემართებოდა არაერთი გზა და გადასასვლელი. კლდეკარი, საიდანაც ერთი გზა დიდგორისაკენაც მოდიოდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადასასვლელი იყო ქართლისაკენ მიმავალი დამპყრობლისათვის, დიდგორიდან მტერს გზა ეხსნებოდა თბილისისაკენ; ზოგი ძველი ისტორიკოსის მიხედვით, მტრის ლაშქრის დიდგორთან შეკრება – თბილისის კართან შეკრებას ნიშნავდა. ამას გარდა, აქედან მათ შეეძლოთ, მცხეთის შემოვლით, გასვლა შიდა ქართლში და დავითის ლაშქრის გარემოცვა. გამარჯვების შემთხვევაში ისინი თბილისისაკენ აიღებდნენ გეზს, რომლის ხელში ჩაგდებაც მათ ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენდა და სადამდეც აქედან მხოლოდ ნახევარი დღის სავალი იყო.ქართული ლაშქრის განლაგება:
საქართველოს სამეფოს ლაშქარი დავით აღმაშენებლის მეთაურობით დიდგორის ველს ნიჩბისის საკმაოდ გაშლილი ხევით მიუახლოვდა. სწორედ ნიჩბისის ხევს მიჰყვება გზა დიდგორ-მანგლისისაკენ. ეს ხეობა უნდა ჰქონდეთ მხედველობაში მათე ურჰაელსა და გოტიეს, როცა ისინი ქართველთა ლაშქრის ორ მთას შორის დაბანაკებისა და აქ გამართული ბრძოლის შესახებ მოგვითხრობენ.გოტიეს მიხედვით, დავითის ლაშქარი დაბანაკებული იყო „ორ მთას შორის მდებარე დაბურულ ტყეში, რომლის მიმართულებითაც მტერი აპირებდა შეტევასროგორც ალ-ფარიკის ცნობიდან ირკვევა, საქართველოს ლაშქრის ერთი ნაწილი დავითის მემკვიდრის, დემეტრეს, სარდლობით ერთ ამ მთათაგანს აფარებდა თავს და იქიდან აპირებდა მოულოდნელ თავდასხმას. პირველი ბრძოლა ძირითად ნაწილს უნდა მიეღო, აქ კი თვით დავითი იდგა. მას, ალ-ფარიკის სიტყვით, დასავლეთიდან უნდა შეეტია. ამრიგად, ყველაფერი მზად იყო გადამწყვეტი ბრძოლისათვის.
ქართული ჯარის სამზადისი ბრძოლისათვის
გოტიეს მოწმობით, დავით აღმაშენებელმა ბრძოლის დაწყების წინ მოწოდების სიტყვით მიმართა თავის ლაშქარს. მას თვით ამ სიტყვის ტექსტიც აქვს მოტანილი თავის ქრონიკებში. სამწუხაროდ ამ ფაქტის რეალურობის შემოწმება შეუძლებელია, თუმცა ბევრ მკვლევარს გოტიეს ამ ცნობის სისწორეში ეჭვი არ ეპარება, ხოლო ზოგიერთ მათგანს დავითის ამ სიტყვის გოტიესეული ტექსტი ქართული მჭერმეტყველების ნიმუშების კრებულშიც კი აქვს შეტანილი :ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ. ამ სიტყვაში, რომელიც ძირითადად მოწოდებაა მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ ქრისტიანთა თავდადებული ბრძოლისაკენ, ისტორიკოსებისათვის ბევრი რამ არის ღირსშესანიშნავი. აქედან ჩანს, რომ დავითის ლაშქარი დაბანაკებულა ხეობაში, რომლის ვიწრო შესასვლელიც ხეთა ხორაგებით შეუკრავთ. ამით მეფეს თავისი ლაშქრისათვის უკანდახევის ეს ერთადერთი შესაძლებლობაც მოუსპია. როგორც ჩანს, დავითს თავის ლაშქარში ჯერ კიდევ ეგულებოდნენ ისეთები, რომელთათვისაც მხოლოდ „ღვთის სიყვარული“ თავდადებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდებოდა. უცხო ტომის მოლაშქრეებს კი არც ქვეყნის, საქართველოს, აღაფრთოვანებდათ მაინცდამაინც თავდადებისათვის. სწორედ ამიტომ სჭირდებოდა დავით აღმაშენებელს თავისი მებრძოლებისათვის უკანდასახევი გზის წინასწარ მოჭრა. მართლაც, ამგვარი ღონისძიების შემდეგ მეომრებს ან უნდა გაემარჯვათ, ანდა მტრისათვის ზურგშეუქცეველი სიკვდილით დაემტკიცებინათ თავიანთი თავდადება ღვთისა და მეფისათვის.
ამავე დროს, ეს ღონისძიება მეფის ლაშქრის ზურგსაც უვნებელყოფდა. ჯებირები მნიშვნელოვნად შეაფერხებდა ამ მხრიდან მტრის მხედრობის მოსალოდნელ იერიშებს. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ხის ხორაგებისა და ჯებირების გაკეთებას საკმაო დრო, მრავალრიცხოვანი მუშახელი და მასალა დასჭირდებოდა.
ბრძოლა
საისტორიო წყაროებში დიდგორის ბრძოლის დაწყების დღე და რიცხვი სხვადასხვანაირადაა წარმოდგენილი. ასე, მაგალითად, დავითის ისტორიკოსის თხზულების XV და XVIII საუკუნეების გადანაწერებში 18 აგვისტოა დასახელებული, ხოლო XVII საუკუნისა და XVIII საუკუნის ზოგ გადანაწერში — 12 აგვისტო. აღსანიშნავია, რომ დავითის ისტორიკოსის ძველ სომხურ თარგმანში, რომელიც მკვლევართა აზრით, XII საუკუნეშივეა შესრულებული, აგრეთვე 12 აგვისტოა მითითებული. როგორც ჩანს, დავითის ისტორიკოსის თხზულების თავდაპირველ ხელნაწერში სწორედ 12 აგვისტო ყოფილა.ამ მოსაზრებას ამყარებს მათე ურჰაელის მონაცემებიც. იგი არა მარტო თვესა და რიცხვს, ბრძოლის დღესაც კი ასახელებს, რაც წყაროთა მონაცემების დაზუსტების საშუალებას იძლევა. ურჰაელის თხზულების ერთი (1869 წლის) გამოცემის მიხედვით, ბრძოლა მომხდარა 1121 წლის 15 აგვისტოს, „ღვთისმშობლის მარხვის ხუთშაბათს დღეს“, მეორე, 1898 წლის გამოცემის მიხედვით კი — 13 აგვისტოს, ხუთშაბათს.როგორც ჩანს, მათე ურჰაელის თხზულებასაც დავითის ისტორიკოსის თხზულების ბედი გაუზიარებია, მის შემდეგდროინდელ გადამწერებს რიცხვები აურევიათ, რადგან ხუთშაბათი დღე არ ყოფილა 1121 წლის არც 15-სა და არც 13 აგვისტოს.ხუთშაბათი დღე იმ წლის აგვისტოს ზემოდხსენებული რიცხვებიდან (12-დან 18-მდე) 11-12-სა და 18-19 აგვისტოზე მოდიოდა, მაგრამ რადგან 18-სა და 19 აგვისტოს „ღვთისმშობლის მარხვა“ უკვე დამთავრებული იყო, ზემოდხსენებულ რიცხვთა შორის „ღვთისმშობლის მარხვის ხუთშაბათს დღედ“ მხოლოდ 12 აგვისტო შეიძლება მივიჩნიოთ, მით უფრო, რომ ამასვე გვთავაზობს დავითის ისტორიკოსის თხზულების დედანი და მისი უძველესი სომხური თარგმანიც.ზოგიერთი მონაცემებით (გოტიე), შეტევაზე პირველად მუსლიმანთა კოალიციური ლაშქარი გადმოსულა; სხვა ისტორიკოსთა ცნობით კი, შეტევაზე პირველად ქართველთა ლაშქარი გადასულა და ბრძოლის დაწყების წინ დავით აღმაშენებელს კიდევ ერთი ტაქტიკური ხერხისათვის მიუმართავს. იბნ ალ-ასირის მიხედვით, როდესაც ორივე მოწინააღმდეგე ლაშქარი საომრად განლაგდა, საქართველოს ჯარს 200 ყივჩაყი გამოეყო და მტრისაკენ გაემართა. მაჰმადიანთა ლაშქრის სარდლობას ეგონა, ყივჩაყებმა ალბათ მეფეს უღალატეს და შეწყალების სათხოვნელად მოდიანო, ამიტომ ისინი დაუბრკოლებლად შეუშვეს თავიანთ განლაგებაში, მაგრამ ყივჩაყებმა უეცრად იარაღი იშიშვლეს და მტრის მეომართა ხოცვა დაიწყეს. ეს სავსებით მოულოდნელი იყო მოწინააღმდეგისათვის, რამაც, ცხადია, მტერი დააბნია.იბნ ალ-ასირის მიერ მოთხრობილი ეს საინტერესო დეტალი არ აქვთ აღნიშნული არც დავითის ისტორიკოსსა და არც მათე ურჰაელს. გოტიეს ერთ ცნობაში სწორედ ეს ფაქტი, 200 მეომრის მეწინავეობა და თავდადება უნდა იგულისხმებოდეს, ოღონდ მას, როგორც ევროპელს, ყველაფერი ეს იმ ორასი „ფრანგისათვის“ (ჯვაროსნისათვის) მიუწერია, რომლებიც იმ დროს დავით აღმაშენებლის ლაშქარში იბრძოდნენ. როგორც ჩანს, გოტიეს, „ფრანგების“ დამსახურების გაზვიადებით დაინტერესებულს, ალბათ, თავისებურად გადაუკეთებია იმდროინდელი საისტორიო წყაროებით თუ გადმოცემებით შემონახული ცნობა დავით აღმაშენებლის მიერ დიდგორის ბრძოლის დროს გამოყენებული ტაქტიკური ხერხის შესახებ.დღესდღეისობით მეფე დავითის მიერ აღნიშნული ხერხის გამოყენება დავის საგანს არ წარმოადგენს, თუმცა საეჭვოა, რომ მეფეს ეს დიდმნიშვნელოვანი ოპერაცია, რომელიც ქვეყნისა და მეფისათვის თავგანწირვას მოითხოვდა, ყივჩაყებისათვის და მით უფრო „ფრანგებისათვის“ (ჯვაროსნებისათვის) მიენდო. აღსანიშნავია ისიც, რომ იბნ ალ-ასირი დავითის ლაშქარს საერთოდ „ყივჩაღთა ლაშქარს“ უწოდებდა და მხოლოდ ამიტომ იხსენიებდა ამ ლაშქრიდან გამოყვანილ 200 მებრძოლს ყივჩაყებად.ამ არც ისე დიდი რაზმის მოულოდნელმა თავდასხმამ ერთხანს დააბნია მტერი. ამავე დროს, საქართველოს ლაშქარმა მტრის ფლანგებს ორი მხრიდან შეუტია. ლაშქრის ერთი ნაწილი თვით მეფის სარდლობით ნიჩბისის ხევით, ალ-ფარიკის ცნობით დასავლეთიდან უტევდა მტერს, ხოლო დიდგორის ერთ-ერთი მხრიდან დემეტრე უფლისწული დაეშვა თავისი ლაშქრით და მთის ძირში საომრად განლაგებულ თურქ-სელჩუკთა ლაშქარს შეუტია.„იქმნა სასტიკი ბრძოლა ორი მთის შორის, ისე რომ ლაშქართა საშინელი ხმაურისაგან ეს მთებიც იძახოდნენო (ხმაურობდნენო)“ – წერს მათე ურჰაელი. როგორც კი ბრძოლა შენივთდა, შეიკრა და გამარჯვების სასწორი ქართველთა მხარეს გადაიხარა, მტრის ლაშქრის დიდმა ნაწილმა ზურგი შეაქცია ბრძოლის ველს. შემთხვევითი არ არის, რომ დავითის ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ „პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და სივლტოლად მიდრიკნა იგინი“-ო. ასევე წერს მათე ურჰაელიც, ბრძოლის შეკვრისას გააქციეს თურქთა მთელი ჯარიო.დავითის ისტორიკოსის მიხედვით, ეს სისხლისმღვრელი ბრძოლა მხოლოდ სამ საათამდე გაგრძელდა. იგი წერს: „მეფისა დავითისი ესოდენთა (ასე მრავალრიცხოვან მოლაშქრეთა) მიმართ წინა-განწყობაჲ (შტევა) სამ ჟამადმდე იყო (სამ საათამდე გაგრძელდა)და ვერცა პირველსა კუეთებასა (შეტაკებას) შეუძლეს წინა-დადგრომად“-ო.თურქ-სელჩუკთა დამარცხებულმა ლაშქარმა დიდი ზარალი ნახა. მათე ურჰაელის სიტყვებით, „იმ დღეს იქნა სასტიკი და საშინელი ამოწყვეტა თურქთა ჯარებისა და აღივსნენ გვამებით მდინარენი და მთათა ხევები და ყოველნი მთათა ქარაფნი დაიფარნენ“ მტრის გვამებითო. მაჰმადიანთა ლაშქრის დიდი ნაწილის ამოწყვეტის შესახებ მიუთითებს ალ-ფარიკიც: „მოიკლა მუსლიმანთაგან უთვალავი რაოდენობა და დარბეულ იქნენო“. იბნ ალ-ასირის სიტყვებითაც „მაჰმადიანთა ლაშქრის უმეტესობა დაიღუპა ბრძოლის ველზე“. „აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითაო,“ — წერს დავითის ისტორიკოსიც; დახოცილთა შორის, მისივე სიტყვით, იყვნენ „სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი“. მაჰმადიან მოლაშქრეთა დიდი ნაწილი კი ტყვედ ჩაიგდეს ქართველებმა.დიდგორის ბრძოლის აღმწერ ისტორიკოსებს ზოგიერთი ცნობა აქვთ დაცული თურქ-სელჩუკთა ლაშქრის ზარალის საერთო რაოდენობის შესახებაც. რა თქმა უნდა, დაუჯერებელია გოტიეს ცნობა, რომლის მიხედვითაც ამ ბრძოლის დროს საქართველოს „მეფის მახვილით მოისპო ოთხასი ათასი კაცი“. ასევე, სარწმუნო არ არის ამ მხრივ მათე ურჰაელის მონაცემებიც. მისი სიტყვით, „იქმნა რიცხვი თურქთა ამოწყვეტილი ჯარისა ორმოცი ბევრი (400 000), ხოლო შეიპყრეს ოცდაათი ათასი კაცი“. საერთოდ კი, მათეს ცნობით, მტრის ყოველი ათასი მოლაშქრიდან ასიც კი არ დარჩენილა ცოცხალი და გაუქცეველი. მართალია, ალ-ფარიკი არ მიუთითებს დატყვევებულთა რაოდენობაზე, მაგრამ მისი ზოგადი ხასიათის ცნობიდანაც კარგად ჩანს, რომ ქართველებს ტყვედ ჩავარდნიათ „მუსლიმანთა და არაბთა აურაცხელი რაოდენობა“, ისე რომ დიდგორის ბრძოლიდან ოცდათორმეტი წლის შემდეგაც, ალ-ფარიკის თბილისში ყოფნის დროს, ზოგი მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ქართველთა ლაშქარს ტყვედ წამოუყვანია არა მარტო უბრალო მოლაშქრენი, არამედ მათი სარდლებიცა და გოლიათებიც. დავითის ისტორიკოსი აღფრთოვანებული წერდა:„გლეხთა, – იხილემცა, ოდეს – არაბთა მეფენი მოჰყვანდეს ტყუედ; და სხუათა გოლიათთათჳს რადღა რაჲმცა გჳნდოდა თქუმად"
რა თქმა უნდა, დიდგორის ბრძოლამ დაჭრილებისა თუ დახიცილების სახით ბევრი ქართველი, ყივჩაყი, თუ ოსი მოლაშქრეც შეიწირა. მაგრამ საქართველოს ლაშქრის დანაკლისი, მტრის ჯარის დანაკლისთან შედარებით, იმდენად მცირე ყოფილა, რომ არც ერთ ძველ ისტორიკოსს მისი აღნიშვნა საჭიროდაც არ მიუჩნევია. დავითის ისტორიკოსი იმასაც კი წერს, რომ მეფემ „თჳსნი სპანი დაიცვნა უვნებელად“, ყოველგვარი მნიშვნელოვანი ზარალის გარეშეო.საქართველოს ლაშქარმა მრავალრიცხოვან ტყვეებთან ერთად დიდძალი ალაფიც იგდო ხელთ. მათე ურჰაელის სიტყვით, მტრის უპატრონო „ცხენებისა და დაყრილ იარაღ-საჭურვლისაგან დაიფარა ყოველნი პირნი ველთანი“. ალ-ფარიკიც კი იძულებულია აღნიშნოს: ამ ომში „მათ დიდძალი სიმდიდრე წაართვეს მუსლიმანებს“-ო. ამ ნადავლმა თვით მოლაშქრენი და სამეფო ხელისუფლება დაეუფლა. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, "ხოლო სპანი ჩუენნი და უფროჲსად ყოველი სამეფო აღივსო ოქროჲთა და ვეცხლითა, არაბულითა ცხენებითა, ასურულითა ჯორებითა, კარვებითა და სარაფარდებითა და სხჳთა ურიცხჳთა ჭურჭლებითა საბრძოლელითა თჳთო-სახეთა ქოსთა და ფილაკავანთა, სასმურთა ტურფათა და სანადიმოთა, საბანელთა და სამზარეულოთა, – რაოდენმან ქარტამან და მელანმან დაიტიოს აღწერად!"
ყველაფერი ის, რაც ამ დროს ქართველების მიერ ნადავლის სახით იქნა აღებული. ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავდა: „ალაფთა მრავალრიცხოვნობის შესახებ არაფერს ვამბობთ, რადგან გლეხებიც კი ოქრო-ვერცხლის გარდა სხვას არ აიღებდნენ ნადავლისაგან“-ო.ამ მრავალრიცხოვან ნადავლთა შორის მრავლად იყო ბრძოლის მონაწილე მთავარსარდალთა, დიდ მაჰმადიან მფლობელთა პირადი ნივთებიც. ფრიად საინტერესო ცნობა დაუცავს ამ მხრივ თამარ მეფის პირვეღი ისტორიკოსს .თამარის ეს ისტორიკოსი დიდგორის ბრძოლის ამბებს იხსენიებს საქართველოს ლაშქრის მიერ 1195 წელს შამქორის ომში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების აღწერის დროს და სხვათა შორის აღნიშნავს: თამარმა იწყო შამქორის ბრძოლის შემდეგ მოპოვებული ნადავლის შეწირვა. „დროშა იგი ხალიფასი, რომელი მოიღო შალვა ახალციხელმან, წარგზავნა ესე მონასტერსა დიდსა (გელათისა ღმრთისმშობლისა, მსგავსად მამის პაპისა (ე.ი. დავით აღმაშენებლისა) მათისა“, რომელსაც დიდგორის გაქცევის (ე.ი. ბრძოლის) შემდეგ დურბეიზ სადაყის ძის ქედისაგან (კისრისაგან) მოძარცული ძვირფსსი თვლებით შემკული ოქროს მანიაკი შეუწირავს ამავე მონასტრისთვისო“.როგორც ჩანს, დიდგორის ბრძოლაში დამარცხებული და გზადაბნეული „არაბეთის მეფის“, დუბეისასათვის ქართველ მოლაშქრეებს კისრიდან მოუგლეჯიათ მისი მფლობელის სიძლიერისა და სიზვიადის მაუწყებელი ძვირფასი, მოთვალულ-მომარგალიტებული ყელსაბამი, რომელიც ამ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად დავით აღმაშენებელს გელათის მონატრისათვის შეუწირავს.თამარის ისტორიკოსის ამ საინტერესო ცნობიდან ისიც კარგად ჩანს, თუ როგორ მძიმე განსაცდელში აღმოჩენილა „არაბთა მეფე“ - იგი მხოლოდ სასწაულებრივ შემთხვევას გადაურჩენია სამარცხვინო ტყვეობისაგან.დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული ნადავლის ნაწილის გელათის მონასტრისადმი შეწირვის შესახებ ცნობას იძლევა თვით დავითის ისტორიკოსიც. მისი სიტყვით, მეფემ ახლად აშენებულ გელათს სხვა მრავალ „ყოვლად დიდებულ“ და „ძნელად საპოვნებელ ნივთთა“ გარდა, უხვად შესწირა „იავარად მოხმულნი“ (ნადავლად აღებული), „დიდთა და ხორასანთა მეფეთა ტახტნი, საყდარნი (მისაყრდნობელიანი სასხდომები), კიდელნი ფერადაფერადი და კვალად გვირგვინნი და მანიაკი... რომელნი მოუხუნა (წაართვა) მეფეთა არაბეთისათა, რაჟამს თვით იგინიცა ტყვედ მოიყვანნა, მასვე ტაძარსა შინა შეწირნა ღმრთისა სახსენოდ და სამადლობელად ძლევისა მის საკვირველისა“. აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში დავითის ისტორიკოსს, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში აქვს დიდგორის ბრძოლის მონაწილე „მეფენი არაბეთისანი“ და ამ ბრძოლაში მოპოვებული მართლაც „ძლევაჲ საკვირველი“ (გამარჯვება). როგორც ისტორიკოსი აღნიშნავს, დავითს გელათისათვის „გამარჯვების სამადლობელად“ და „ღვთის სახსენებლად“ შეუწირავს დიდგორის ბრძოლაში როგორც „იავარად მოხმული“ ნივთები, ასევე ტყვეებიც.ამრიგად, ქართველთა ლაშქარმა 1121 წლის 12 აგვრსტოს დიდგორის ველზე თურქ-სელჩუკთა კოალიციურ ჯარებთან გადამწყვეტ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. მაგრამ მოწინააღმდეგის დამარცხება დიდგორას ველზე ჯერ კიდევ არ ნიშნავდა მასზე საბოლოო გამარჯვებას. ეს კარგად ესმოდათ ამ დიდ წარმატებათა ორგანიზატორებს და ამიტომ იყო, რომ დავით აღმაშენებელმა გადაწყვიტა, კვალდაკვალ მიჰყოლოდა ზურგშექცეულ მტერს, რათა მისთვის დაქსაქსული და დამარცხებული ძალების ხელახლა გაერთიანებისა და შემოტევის შესაძლებლობა არ მიეცა.გაქცეული, თუ უკანდახეული მტრის დევნით დიდგორის ბრძოლის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეტაპი დაიწყო. აქაც გამოჩნდა დავით აღმაშენებლის, როგორც დიდი მხედართმთავრის ნიჭი და უნარი. დავითის ისტორიკოსის ცნობით, მეფე „მეოტთა (გაქცეულებს) სიმარჯვითა და განკრძალულად (ფრთხილად) სდევნიდა“. დამარცხებული და უწესრიგოდ უკანდახეული მტრის დევნა რამდენიმე დღეს გრძელდებოდა.მათე ურჰაელისმიხედვით, ქართველთა და ყივჩაყთა ლაშქარმა რვა დღე, ქალაქ ანისისსაზღვრამდე სდია ილღაზის დაქსაქსულ ჯარებს და დიდი ზიანი მიაყენა მას. გოტიეს სიტყვით კი, დევნა თითქოს მხოლოდ სამი დღე გაგრძელდა და მტერმა ამ დროს გაცილებით მეტი ზარალი ნახა, ვიდრე თვით ბრძოლის ველზე. იბნ ალ-ასირსაც არ გამორჩენია მხედველობიდან ყოველივე ეს და საგანგებოდ მითითებული აქვს კიდეც, რომ ქართველებმა თურქებს 10 ფარსაგის მანძილზე სდიესო.როგორც ჩანს, ქართველთა ლაშქარს მართლაც მოუხერხებია დევნილი მტრის სრული დამარცხება და განადგურება. ისე რომ, მათმა სარდლებმა, თვით ილღაზიმაც კი, ვერ შესძლეს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ძალის შემოკრება და დამარცხებული, ბრძოლაში დაჭრილი მთავარსარდალი, თავის სიძესთან ერთად, თვით ალ-ფარიკის ცნობით, მხოლოდ ოციოდე მხედრითურთ დაბრუნებულა თავის ქვეყანაში.ილღაზის დაჭრისა და სამარცხვინო გაქცევის შესახებ წერენ როგორც მათე ურჰაელი, ისე გოტიე. ამ უკანასკნელის მიხედვით, „თვით ილღაზი, თავში დაჭრილი, თითქმის ყველა თავისიანის სიკვდილის თვითმხილველი... გადარჩა, მცირე პირთა თანხლებით და უსაჭურვლო და სანახევროდ მკვდარი დაბრუნდა სახლში, არაბთა მეფის (დუბეისის) დახმარებით“. ასევე დამარცხებული და სირცხვილეული დაბრუნდნენ ილღაზთან ერთად, მათე ურჰაელის სიტყვით, სხვა სარდლებიც: „ძლივს მოახერხეს რა გაქცევა, სპარსთა სულთანი მელიქი (თოღრული) და ხაზი (ილღაზი) დაბრუნდნენ დიდად შერცხვენილნი თავიანთ ქვეყანაში“.ამრიგად, როგორც დიდგორის ველზე, ასევე მტრის კვალდაკვალ დევნისა და ხოცვის დროს ქართველთა შედარებით მცირერიცხოვანმა ლაშქარმა დიდი გამარჯვება მოიპოვა. თურქ-სელჩუკთა დადმა კოალიციურმა ლაშქარმა სასტიკი დამარცხება იგემა არა მარტო დიდგორის ველზე, საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, მათ მიერვე დაპყრობილ ტერიტორიაზე.
შედეგები
დიდგორის ველზე მტრის კოალიციური ლაშქრის დამარცხების, მისი საკმაოდ ხანგრძლივი დევნისა და საბოლოოდ განადგურების შემდეგ, დავით აღმაშენებელს გზა გაეხსნა თბილისისაკენ. დიდგორის ბრძოლაში მეფემ დაამარცხა არა მარტო თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი, არამედ იმ ქალაქების დამოუკიდებლობაცა და გაერთიანებაც, რომლებიც საქართველოში კოალიციურ ლაშქარს იწვევდნენ დავითის წინააღმდეგ. დიდგორის ველზე არსებითად გადაწყდა თბილისის, დმანისისა და სხვა ქალაქთა ბედიც, იწყებოდა მათი დამოუკიდებლობის აღსასრული. მას შემდეგ, რაც საქართველოს ქალაქების კავშირმა (თბილისმა და დმანისმა) ასეთი დიდი ომი გაუმართა სამეფო ხელისუფლებას, დავითი სავსებით დარწმუნდა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ დამოუკიდებელი ქალაქები უბრძოლველად არ დასთმობდნენ პოზიციებს და მათ კიდევ ახალი დამხმარე ძალების მოწვევა რომ არ ეცადათ, მეფემ გეზი პირდაპირ თბილისისაკენ აიღო. ასე რომ, 1122 წელს თბილისის, ხოლო 1123 წელს დმანისის აღება, არსებითად, სწორედ დიდგორის ბრძოლის გაგრძელებას წარმოადგენდა.დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში, ამასთანავე, საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.
ვიკიპედია და მისი ჯანი.......... :D
დიდგორის ბრძოლა ჩვენი სიძლიერისა და დიდების სიმბოლოა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ის მიმომეხილა. არა ქაქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერი მტერი ეყოლება ჩვენს სამშობლოს, თუ ქართველები ერთად დავდგებით ჩვენი მომრევი ვერავინ იქნება. გისურვებთ რომ ჩვენს თაობას გამთლიანებული საქართველო ენახოს!!!!!!!!!!!!
მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალურ თამაშში ვიმყოფებით ვაჟკაცობა და ერთად დგომა აქაც მნიშვნელოვანია, დაე Erevollution-ში გავაცოცხლოთ დიდგორის ველზე მებრძოლი ქართული სული და დიდება და სახელი მოვუტანოთ ჩვენს პატარა საქართვრლოს!!!!!
წინ მებრძოლებო, უკვდავებისაკენ!

Patrocinador
General PidbulaComentários (4)
vinc mtlianad waikitxet daweret komentarebhi da 1 lars chagiricxavt :3
:დდ
კი მინდა, მაგრამ როგორ მოვიტყუო.. :დ
rac wasakitxia is videoshia
s290 http://www.erevollution.com/en/newspaper/893